16 თებერვალს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IUT), სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და მედია განათლების ხელშეწყობის მიზნით, „ჟურნალისტიკის რესურსცენტრსა“ და „მწვანე ბიზნესის ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაგეგმავენ ერთობლივ პროგრამებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს და ხელს შეუწყობენ მდგრადი განვითარების მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებას. ამ პროცესში კი, აქტიურად ჩართავენ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
მემორანდუმის ფარგლებში, IUT „ჟურნალისტიკის რესურსცენტრსა“ და „მწვანე ბიზნესის ასოციაციასთან“ ერთად გეგმავს საგანმანათლებლო მედიაპროდუქტების მომზადებას ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბიოლოგიურად სუფთა საკვები და სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია ადამიანისა და გარემოს ჯანსაღ სისტემებთან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, მხარეები იღებენ ვალდებულებას:
- განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, წინასწარ შეთანხმებულ თემებზე;
- ერთმანეთს გაუზიარონ სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების, საქმიანობის შედეგები და ინფორმაციები;
- განავითარონ საგანმანათლებლო – პრაქტიკული თანამშრომლობა;
- ხელი შეუწყონ სტუდენტების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით;
- ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას;
- ხელი შეუწყონ პროექტების შემუშავებას საერთო ინტერესების ფარგლებში;
- დააორგანიზონ სფეროთი დაინტერესებული მკვლევრების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და სხვა პირების ჩართულობა;
- ხელი შეუწყონ პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებისა თუ გამოცდილ პრაქტიკოსთა მიერ საჯარო ლექციების წაკითხვას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.